კითხვა / წერა

წაიკითხეთ
ტექსტი:
ჩემი და ანა ძალიან ბევრს
ლაპარაკობს ტელეფონით. ის ჯერ სამი წლისაა და უყვარს ტელეფონით საუბარი. ტელეფონის
ზარს პირველი პასუხობს, ის იღებს ყურმილს და ყველას ესაუბრება. ანა ძალიან საყვარელი
ბავშვია. ყველას დიდივით ელაპარაკება. არ ავიწყდება თავაზიანი ფორმების გამოყენება.
ის ყველას ასე მიმართავს: „თუ შეიძლება, მითხარით, ვინ ბრძანდებით?“ „რა თქმა უნდა,
გიცანით!“ „როგორ ბრძანდებით?“ „გაიმეორეთ,
რა ბრძანეთ?“
დედამ ანას უყიდა პატარა სათამაშო ტელეფონი და ახლა ანა
ამ ტელეფონით ერთობა.
-
ამოიწერეთ ახალი
სიტყვები და ფრაზები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.
- რა ფრაზებით
მიმართავს ანა ყველას ტელეფონზე? დაწერეთ შესაბამისი ფამილარული ფორმები.
-
შეადგინეთ ახალი
წინადადებები და დაწერეთ.
უპასუხეთ კითხვებს:
_ვინ არის ანა?
_რამდენი წლისაა ანა?
_რა უყვარს პატარა გოგონას?
_ვინ პასუხობს ოჯახში პირველი
ტელეფონის ზარს?
_რა უყიდა დედამ ანას?
_რით ერთობა ახლა ანა?
წაიკითხეთ ტექსტი:
ტელეფონის მოკლე ისტორია
მსოფლიოში პირველი ტელეფონი გამოიგონა გერმანელმა ფილიპ რეისმა. 1861 წლის 26 ოქტომბერს გერმანიაში, მაინის ფრანკფურტში მან თავისი გამოგონება საზოგადოებას გააცნო.
1865 წელს რეისის ტელეფონები გაიგზავნა ლონდონში, დუბლინსა და თბილისში. თბილისში ტელეფონის აპარატი ჩამოიტანეს პეტერბურგიდან.
მაინის ფრანკფურტში მაშინ ვერ გაიგეს ფილიპ რეისის ტელეფონის მნიშვნელობა, მისი გამოგონება მოხვდა შოტლანდიაში, ქალაქ ედინბურგის უნივერსიტეტში. სწორედ იქ გახდა
ტელეფონი პოპულარული.
1885 წელს ფილიპ რეისს ფრანკფურტში ძეგლი დაუდგეს. აშშ-ს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ფრანკფურტში ასეთი დეპეშა გამოაგზავნა: ”ფილიპ რეისი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მისი უდიდესი გონება ცოცხალია და წინ მიჰყავს სამყარო”.
1877 წლის 5 ნოემბერს ევროპაში პირველი სატელეფონო ხაზი გაიყვანეს. ხაზის სიგრძე 2 კილომეტრი იყო.
ამ დროს ვერნერ ფონ სიმენსმა თავის ქარხანაში დაიწყო მარტივი ტელეფონების დამზადება. დღეში ქარხანა 700 ტელეფონს ამზადებდა.
ინფორმაცია პირველი ტელეფონის შესახებ საქართველოს მოსახლეობას მიაწოდა ცნობილმა ქართველმა მწერალმა და მთარგმნელმა ივანე მაჩაბელმა. 1880 წელს გაზეთ ”დროებაში” გამოქვეყნდა ივანე მაჩაბლის წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო: ”დიდი ხანი არ არის, რაც ტელეფონი მოიგონეს. ტელეფონით ადამიანს შეუძლია თავისი ხმა ძალიან შორს გააგონოს. ამერიკაში ზოგიერთებმა მოიფიქრეს, ქალაქებში გამოეყენებინათ და ტელეფონს ახლა იყენებენ კიდეც.”
1886 წლის 3 აპრილს ამუშავდა სატელეფონო ხაზი თბილისის გამგეობასა და ავჭალას შორის. გაზეთი ”ივერია” წერდა: ”ქალაქის გამგეობიდან ავჭალამდე გაყვანილი ტელეფონი უკვე მოქმედებს. ხმა კარგად ისმის.” თუმცა, ბევრმა თბილისელმა მაშინ უარი თქვა ტელეფონზე.
-
ამოიწერეთ ახალი
სიტყვები და ფრაზები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.
- შეადგინეთ ამ სიტყვებისგან ახალი წინადადებები, დაწერეთ.
უპასუხეთ კითხვებს:
_ვინ შექმნა მსოფლიოში პირველი ტელეფონი?
_მიხვდნენ თუ არა გერმანელები ტელეფონის მნიშვნელობას?
_ვინ უშვებდა პირველ ტელეფონებს?
_ვინ გააცნო თბილისელებს პირველი ტელეფონი?
-
რა არის ამ ტექსტის
მთავარი აზრი?
- დაწერეთ წაკითხულის
მოკლე შინაარსი.
- შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 42P1
|